სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს ამოწმებს.
სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და საკვებისმიერი ინტოქსიკაციის თავიდან აცილებას, რისი რისკიც სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით მატულობს.
2016 წლის იანვრიდან დღემდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა გეგმური ინსპექტირება საქართველოს 28 აგრარულ ბაზარში, არაგეგმურად შემოწმდა - 2, გადამოწმდა - 50. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, კანონმდებლობით გათვალისწინებული მითითებები მიეცა ერთ აგრარულ ბაზარს.
2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესთან დაკავშირებით, რომელიც არეგულირებს სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის პირობებს. რეგლამენტი მომზადდა მოსახლეობისთვის რისკების შემცირების მიზნით და მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, რაც ითვალისწინებს მისთვის უვნებელი სურსათის მიწოდებას და ცხოველთა გადამდები ინფექციური დაავადებებისაგან დაცვას.
რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.