ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) Global Beer Georgia (GBG)-ს, ინოვაციური ლუდის ქარხნის მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის, 18.5 მილიონი ევროს ოდენობის სინდიცირებულ სესხს გამოუყოფს.
დაფინანსების სინდიცირებული პაკეტი მოიცავს 6.2 მილიონი ევროს ოდენობის “A” სესხს ევრობანკის პირადი ანგარიშიდან და 6.2 მილიონი ევროს მოცულობის “B” სესხს ჰოლანდიის მეწარმეობის განვითარების ბანკის FMO-ს მხრიდან; გერმანიის ინვესტიციისა და განვითარების ბანკი DEG კი ამ სქემაში იმოქმედებს როგორც პარალელური კრედიტორი და გამოყოფს ასევე 6.2 მილიონ ევროს.
შპს. Global Beer Georgia-ს ახალი ლუდის ქარხანა აწარმოებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ლუდის ბრენდებს, როგორებიცაა Heineken®, Krusovice® და Amstel®, რათა დააკმაყოფილოს საქართველოს მზარდ ლუდის ბაზარზე არსებული მოთხოვნა.
შპს. Global Beer Georgia-ს მფლობელია სს თელიანი ველი, რომელიც ქვეყნის წამყვანი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა და საქართველოს საფონდო ბირჟის სიაშია შეტანილი. სს თელიან ველს საქართველოში შემოაქვს Heineken® და Krusovice®, მაგრამ უახლოეს წლებში გეგმავს ამ ბრენდებისა და ასევე Amstel®-ის უკვე საქართველოში წარმოების დაწყებას. კომპანია ასევე აპირებს ლუდის ახალი, ადგილობრივი ბრენდის შექმნას.
ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, შპს. Global Beer Georgia ასევე მიიღებს ევრობანკის FINTECC (კლიმატური ცვლილებების საკითხებისთვის ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი) პროგრამის გრანტს, თანადაფინანსებულს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. 73,000 ევროს მოცულობის გრანტი მოხმარდება კარბონის დიოქსიდის ზემოქმედების შემარბილებელი ქარხნის მშენებლობას, რომელიც დაბლოკავს გაზიანი სასმელების წარმოების პროცესში გამოყოფილ ნახშირორჟანგს.
„საქართველო ცნობილია ღვინით, თუმცა, კარგი ხარისხის ლუდი ასევე ძალიან პოპულარულია; ცნობილი ბრენდების ადგილობრივად წარმოების დაწყებით, თელიანი ველი არამარტო შემოიტანს ახალ ტექნოლოგიებს და გაზრდის წარმოების სტანდარტებს, არამედ, ასევე, შექმნის ადგილობრივ სამუშაო ადგილებს და კონკურენციას ლუდის ბაზარზე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ფასისა და ხარისხის გაუმჯობესებას. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა ბანკის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია“ განაცხადა ევრობანკის დირექტორმა სოფლის მეურნეობის დარგში ჟილ მეტეტალმა.
“მოხარულები ვართ ვითანამშრომლოთ ევრობანკთან, რომელიც არამარტო ფინანსურად დაეხმარა ჩვენს კომპანიას, არამედ ფართომასშტაბიანი ტექნიკური მხარდაჭერითაც. ევრობანკის თანადგომა ითამაშებს მნიშვნელოვან როლს პროექტის წარმატებაში; ახალ კომპანიას ექნება უმაღლესი დონის აღჭურვილობა, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგიის ეფექტურ მოხმარებას და აწარმოებს მაღალი ხარისხისა და კონკურენტული ფასის მქონე ლუდსა და უალკოჰოლო სასმელებს“ აღნიშნა შპს. Global Beer Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კობა ჭანტურიამ.