რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზამთრის სეზონზე საჰაერო ოპერირების უზრუნველყოფა საავიაციო სისტემისთვის გაორმაგებული უსაფრთხოების ზომების გატარებით ხორციელდება.
თუ რა კეთდება ზამთარში ფრენების უსაფრთხოებისთვის, რა დამატებით სამუშაოებს და პრევენციულ ღონინძიებებს მიმართავენ ავიასაწარმოები წელიწადის ამ დროს, რა მოთხოვნები აქვთ საავიაციო ხელისუფლებებსა და მარეგულირებლებს მგზავრებისა და ფრენების უსაფრთხოების დასაცავად და რატომ არის აღნიშნული ზომების მიღება აუცილებელი, დეტალურ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„საჰაერო ხომალდის ზედაპირზე, განსაკუთრებით კი ფრთებზე ყინულის საფარის ფორმირებამ, ან თოვლისა და ყინულის ძრავების, პლანერისა და რადიატორის შიდა ღრუებში მოხვედრამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საჰაერო ხომალდის აეროდინამიკურ, საფრენოსნო-ტექნიკურ და საპილოტაჟო მახასიათებლებზე. ამასთან საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების გაწმენდა თოვლისა და ყინულის ფენისაგან.
სწორედ ამიტომ, აეროდრომის სამუშაო ფართობზე წყლით, თოვლით, ჭყაპით ან ყინულით გამოწვეული სახიფათო პირობების აღმოსაფხვრელად, საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგის მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, ასევე აეროდრომებისა და სანავიგაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტები (ავიაკომპანიები) და აეროპორტის ოპერატორები, მათი ხმელეთზე მომსახურების სამსახურები და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოები სისტემატიურად და კოორდინირებულად ახორციელებენ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაბამისი სისტემების, საშუალებების, დანადგარებისა და ტექნიკური აღჭურვილობის შემოწმებას, არსებული მდგომარეობის შეფასებას და პრევენციულ ღონისძიებებს. შესაბამისი ნორმატიული აქტების, ცირკულარებისა და რეკომენდაციების გამოცემის, პროცედურების შეთანხმების, ადგილზე გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირებების ჩატარების, საავიაციო შემთხვევათა სავალდებულო შეტყობინებებზე რეაგირების გზით, ინდუსტრიის მიერ გაწეულ საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას საავიაციო ხელისუფლებები აწარმოებენ.
უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისთვის, პირველ რიგში ხდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სუბიექტის უზრუნველყოფა განახლებული მეტეოროლოგიური ინფორმაციით, ყოველი მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდისთვის ამინდზე საგანგებო დაკვირვებების შესახებ გამოიცემა საგანგებო შეტყობინებები, ასევე აეროდრომებზე მიმდინარეობს შეჭიდების კოეფიციენტის გეგმიური, დაუყოვნებლივი და რიგგარეშე საკონტროლო გაზომვები. ფაქტობრივ და საპროგნოზო მაჩვენებლებზე დაყრდნობით, იწყება თოვლის საფარის მოხვეტა/აღების, ხელოვნური საფარის გაყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავების და საჰაერო ხომალდის შემოყინვისაგან დაცვის სამუშაოები.
ზამთრის პირობებში ფრენაზე დაშვებულნი არიან მხოლოდ ის საჰაერო ხომალდები რომლებიც აღჭურვილნი არიან მუდმივი ან პერიოდული შემოყინვის საწინააღმდეგო მოწყობილობებით. თუმცა, მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ შემოყინვის მიზეზით მომხდარი საავიაციო შემთხვევების უმეტესობა არა ფრენის დროს (In-Flight Icing) ფორმირებულმა ყინულმა, არამედ აეროდრომებზე (Ground Icing) გაფრენისწინა მოცდის დროს წარმოქმნილმა ყინულის ფენებმა განაპირობეს, სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საავიაციო ხელისუფლებებმა გაამკაცრეს შემოყინვის საწინააღდმეგოდ ხმელეთზე განსახორციელებელი სამუშაოები. არსებული რეგულაციებით, ფრენა, რომელიც იგეგმება ან მოსალოდნელია შესრულდეს ცნობილი ან სავარაუდო მიწაზე შემოყინვის პირობებში, იწყება მხოლოდ მას მერე, რაც საჰაერო ხომალდი შემოწმდება მასზე ყინულის საფარველის აღმოსაჩენად და თუ ეს აუცილებელია ჩაუტარდება შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავება (სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის N203 ბრძანება „თვითმფრინავების საფრენოსნოსო ექსპლუატაციის წესების“ დამტკიცების შესახებ). ყინულის მოსაცილებლად (Deicing) გამოიყენება თბილი წყალი, შემთბარი შემოყინვის საწინააღმდეგო სითხე, თბომანქანა და სააეროდრომო გამთბობი. ყინულის ხელმეორედ წარმოქმნის (Anti-Icing) თავიდან ასაცილებლად, საჰაერო ხომალდის ზედაპირს ასხურებენ შემოყინვის საწინააღმდეგო სითხეს ან უბერავენ თბილ ჰაერს და ამშრალებენ. სითხეები შეღებილია მკვეთრი ფერებით, რათა ტექნიკური პერსონალისათვის ადვილად გასარჩევი იყოს უკვე დამუშავებული და შესაბამისად დაუმუშავებელი მონაკვეთები. თოვლსა და ყინულს აცილებენ საჰაერო ხომალდის წინასწარ სტარტზე გასვლემდე (ბუქსირებამდე). თუმცა საჭიროებისას (მაგ. მოცდის პერიოდის გახანგრძლივება, უამინდობის გამო აეროპორტის დროებით დაკეტვა/გახსნა, ინტენსიური საჰაერო მიმოსვლა და ა.შ.) თოვლსა და ყინულს ხელმოერედ აცილებენ უშუალოდ სადგომიდან გასვლის წინ. შემოყინვის მოცილებისა და თავიდან აცილების სამუშაოებზე დაიშვებიან მხოლოდ სათანადოდოდ მომზადებული ტექნიკური სპეციალისტები.
✈ ზამთრის სეზონზე ოპერირების ფარგლებში მიღებული უსაფრთხოების ზომები ერთი კონკრეტული და ძალიან მცირე მიმართულებაა იმ უამრავ მიმართულებას შორის რომელსაც მოიცავს სამოქალაქო ავიაცია მგზავრებისა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. უსაფრთხოების აღნიშნული სტანდარტების სრულყოფა და გაუმჯობესება მუდმივ პროცესს წარმოადგენს. სამოქალაქო ავიაცია ტექნიკურად და სამართლებრივად ყველაზე რეგულირებული, პროგრესირებადი, მუდმივ ზედამხედველობას დაქვემდებარებული, დეტალებამდე გაწერილი და შესწავლილი სატრანსპორტო დარგია. გაიგეთ მეტი თქვენს უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცესებისა და პროცედურების შესახებ და იმგზავრეთ მშვიდად ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტით“, აღნიშნულია სამოქალაო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეტი ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ: https://www.facebook.com/GeorgianAviation/photos/a.416831735008054.98851.266765790014650/1324382754252943/?type=3&theater&__mref=message_bubble