Die Welt-ის ინფორმაციით, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემსრულებელი დაკავებული არ არის, იგი შეიარაღებული და საშიშია. გამოცემის მტკიცებით, პოლიციამ შეცდომით სხვა ადამიანი - პაკისტანელი ლტოლვილი დააკავა.
ამასთან, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაზიერმა განაცხადა, რომ 19 დეკემბერს დაკავებული მამაკაცი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს. ბერლინის პოლიციის უფროსი კლაუს კანდტი ასევე დარწმუნებული არ არის, რომ დაკავებულს კავშირი აქვს თავდასხმასთან.
ინციდენტი ბერლინის ცენტრში ადგილობრივი დროით 20:14 საათზე მოხდა. საათში 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და 50-80 მეტრი გაიარა. დაიღუპა 12 ადამიანი. 48 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
ამასთან, პოლიციამ დაადასტურა, რომ მგზავრი, რომელიც სატვირთო მანქანაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს, პოლონეთის მოქალაქეა. პოლონურ კომპანიაში, რომელსაც მანქანა ეკუთვნოდა, განაცხადეს, რომ მძღოლთან კავშირი ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დაკარგეს.