საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) „ავერსი ფარმას“ ხელს უწყობენ მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებაში.
უკვე ცნობილია, რომ IFC-ი „ავერსს“ 13 მლნ. ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს, რომელიც კომპანიის სამედიცინო დაწესებულებების ქსელის გაფართოებას და ქვეყნის მასშტაბით მოწინავე სამედიცინო მომსახურების გაწევას მოხმარდება.
„ავერსს“ სესხს გამოუყოფს EBRD-იც, საუბარია 5 მლნ. ევროზე.
აღნიშული სესხებით თბილისში მაღალი დონის ონკოლოგიური სერვისების განვითარება და თელავში ამბულატორიული კლინიკის მშენებლობა დაფინანსდება. ეს საფინანსო რესურსი ასევე გამოყენებული იქნება კლინიკებისთვის თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. აღნიშნული მომსახურების დიდი ნაწილი იშვიათობას წარმოადგენს საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში.
“ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. ასეთი სამედიცინო მომსახურება ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას, ქვეყნის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, ჩვენი კომპანია გეგმავს, საქართველოში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას», აღნიშნა „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ.
„ჩვენ მოხარულნი ვართ „ავერსთან“ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებით. ეს პროექტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. EBRD ცდილობს საქართველოს მხარდაჭერას ეკონომიკური განვითარების ყველა მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი პროექტი ასევე ნაწილია EBRD-ის სტრატეგიისა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებში ენერგოეფექტურობის, კონკურენტუნარიანობის, ინოვაციური პროდუქტების განვითარების და კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად», განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.
„ავერსის“ მსგავსი კომპანიების მაგალითზე ნათლად ჩანს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს კერძო სექტორმა ჯანდაცვის ინდუსტრიაზე განვითარებად ქვეყნებში. IFC განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის სფეროს კერძო სექტორში მსოფლიოს უმსხვილესი საერთაშორისო ინვესტორია და მისი საინვესტიციო პორტფელი ჯანდაცვისა და მასთან დაკავშირებული მეცნიერების სექტორებში მსოფლიო მასშტაბით 1.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ჩვენ კერძო კომპანიებს გრძელვადიან დაფინანსებასთან ერთად, მსოფლიოში დაგროვილ გამოცდილებასაც ვუზიარებთ. ეს ხელს უწყობს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის და ცხოვრების დონის ამაღლებას ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა», განმარტავს IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი.
„ავერსი“ ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი დამსაქმებელია. კომპანიაში სრული განაკვეთით დაახლოებით 8,000 ადამიანი მუშაობს. გაფართოების შედეგად, კომპანიაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა მოსალოდნელი. ამ პროექტის ფარგლებში „ავერსი“ EBRD-ისგან (FINTECC კაპიტალის ზრდის პროგრამის ფარგლებში) ასევე მიიღებს 127,000 აშშ დოლარს გრანტის სახით, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს საავადმყოფოებში იზოლაციის, ეფექტური გათბობის, გაუმჯობესებული ვენტილაციის და შენობის მართვის სისტემები დაამონტაჟოს. 2015 წელს EBRD-იმ „ავერსის“ მარნეულის საავადმყოფოს გაფართოება და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რემონტი დააფინანსა.
კერძო სექტორი საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რამდენადაც ქვეყნის სამედიცინო მომსახურების 80 პროცენტზე მეტს უზრუნველყოფს. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში სამედიცინო მომსახურების საფასურის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს, რის შედეგადაც პაციენტებს თანხის მხოლოდ ნაწილის გადახდა უწევთ. ეს ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებას მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს ხდის. სახელმწიფო კერძო და სახელმწიფო საავადმყოფოებს მათ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს.