"აჭარა იქნება 4 სეზონის რეგიონი და ამის პერსპექტივა დღეს კიდევ ერთხელ ნათელია. თავისი უნიკალური მდებარეობით კურორტ „გოდერძს“ აქვს დიდი პერსპექტივა, რომ გახდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი.
კურორტმა გასულ წელს დაიწყო ფუნქციონირება და უკვე დაწყებულია 2 მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობა. საუბარია დაახლოებით 40 მლნ ლარის ინვესტიციაზე. მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროების ოპერირებას საერთაშორისო ბრენდები განახორციელებენ. ინვესტორების დაინტერესება საინვესტიციო პროექტების განხორციელების კუთხით საკმაოდ მაღალია. მოლაპარაკებებს ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმართავთ.
საერთაშორისო კომპანიასთან ერთად ჩვენ დავასრულეთ კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ძირითად ნაწილზე მუშაობა,რაც გულისხმობს იმას, რომ უკვე არსებობს აჭარის ამ შესანიშნავი სამთო კურორტის განვითარების კონკრეტული სტრატეგია. დეტალურად გაწერილი დოკუმენტი, რომელიც კურორტის პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას უზრუნველყოფს. დაგეგმილია 2 ახალი სათხილამურო ტრასის მოწყობა და პირველადი გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.
გარდა ამისა 2017 წლის გაზაფხულზე ჩვენ ვიწყებთ ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო -ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაციას, რაც ნამდვილად ისტორიული პროექტია და კურორტ გოდერძზე ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. განვითარებული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგებული საზგაო სისტემა, ახალი სათხილამურო ტრასები ბუნებრივია პირდაპირ აისახება აჭარაში ტურიზმის განვითარებაზე"- აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე.