სასტუმრო "შერატონში" ,,სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების’’ მე-6 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. საზეიმო ლენტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციცაციის თავმჯდომარე ოსმან მჟავანაძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად გაჭრა.
გამოფენაში ქართული და უცხოური კომპანიები (აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, უკრაინა, იტალია, ჰოლანდია) მონაწილეობენ.
საერთაშორისო გამოფენაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში სამინისტრო აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ სპეციალურ პრეზენტაციას გამართავს. სტუმრებს საშუალება ექნებათ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.
გამოფენის მიმდინარეობისას სარეკლამო, საინფორმაციო ტურები და პრეზენტაციებია დაგეგმილი. ღონისძიებაში საერთაშორისო და ადგილობრივი უძრავ-მოძრავი ქონების სააგენტოებიც ჩაერთვებიან, რომლებიც კომპანიებთან საქმიან ურთიერთობებს ადგილზე დაამყარებენ.
გამოფენის მიზანი სხვადასხვა პროდუქციის თუ სერვისის პრეზენტაცია და სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებული სიახლეებისა და ტექნოლოგიების მომხმარებლისთვის გაცნობაა.
"BATUMI BUILD 2016"-ის ორგანიზატორია საქართველოში ერთ–ერთი პირველი საგამოფენო კომპანია ’’EXPO BATUMI’’.
,,სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების’’ მე-6 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა დღეს გაიხსნა და 11 დეკემბერს დასრულდება.