ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა და მომავალი გეგმები ძალიან დიდი მხარდაჭერაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშილის მიერ ინიცირებული რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის დაჩქარების და მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი მნიშვნელოვანი საფინანსო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.
ხელმოწერა სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა და მას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაეწრნენ. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაჩქარებას.
„დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები იქნება ამის კიდევ ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.