სტამბოლის სასტუმროები დახურვის პირასაა, რადგანაც ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სასტუმროთა ასოციაცია (TÜROB) ავრცელებს.
თურქული მედია წერს, რომ თურქეთს ევროპის მასშტაბით, როგორც ყოველთვის ამჯერადაც, სასტუმროების დატვირთულობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. რაც თავის მხრივ ორ ძირითად ტურისტულ მიმართულებაში, ანტალიასა და სტამბოლში ტურისტების შემცირებას უკავშირდება.
TÜROB-ის ინფორმაციით ზოგიერთი სასტუმროს დატვირთულობის კოეფიციენტი 30%-მდე შემცირდა და მენეჯმენტს პერსონალის 40%-ის შემცირება მოუხდა.
„სტამბოლში ტურიზმის მხრივ საკმაოდ ცუდი ვითარებაა. სახეზეა როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტების კლება. ჩვენი გათვლებით, ზოგიერთი სასტუმრო სტამბოლში შესაძლოა დაიხუროს კიდეც“, განაცხადა TÜROB-ის პრეზიდენტმა ტიმურ ბაინდირმა.
2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სასტუმროთა დატვირთულობა 52,2%-მდე დაეცა, რაც 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით 14%-ითაა შემცირებული, ხოლო 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით კი 63,8%-ით.