5 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონას (გეზ) ,,თბილისი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე, საიმონ ლიმაჟი ეწვია. მაღალი რანგის სტუმარი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის მიმართულებას კურირებს. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ასევე ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ხელმძღვანელი საქართველოში მონიკა დორადო.
გეზი თბილისში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს, საქართველოს საბაჟო სისტემაში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების ტვირთების კონტროლის, საბაჟო რისკების მართვის, საზღვრის მართვაში ჩართულ უწყებათა შორის თანამშრომლობის, ერთობლივი მუშაობის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება წარმოადგენდა.
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს გეზის ტერიტორია, სადაც საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს, გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და გაფორმების პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს არსებული მდგომარეობა, გამოხატეს თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების სურვილი, აგრეთვე სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ზემოაღნიშნული უწყებებს შორის ერთობლივი საქმიანობის შემდგომი დახვეწისკენ მიმართულ ღონისძიებებს.