“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ” ანგარიში წარადგინა, რომელშიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაა შეფასებული.
საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016 წლის 8 ივნისიდან 30 ნოემბრამდე არსებულ დროის შუალედს.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" აცხადებენ, განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მთლიანობაში არ მიუღწევია ისეთი მასშტაბებისთვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე.
მათივე ინფორმაციით, გამოიკვეთა რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ტენდენცია გამოიკვეთა 8 ოქტომბრის შემდეგ მეორე ტურამდე, როდესაც დაფიქსირდა აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების ათზე მეტი შემთხვევა. კერძოდ, კონკრეტული ადამიანები საუბრობდნენ პოლიტიკური ნიშნით მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე.
როგორც არასამტავრობო ორგანიზაციაში განმარტეს, არჩევნების პროცესზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერების შესახებ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს. ზოგიერთმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არასამართლიანი და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. ამ კუთხით აღსანიშნავია პარლამენტის მიერ მიღებული უფასო სარეკლამო დროის განაწილების ახალი წესი.
მათივე ინფორმაციით, დაფიქსირდა უკანონო აგიტაციის ბევრი ფაქტი, როგორც პირველი ისე მეორე ტურის წინ ხშირი იყო სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება ვიდეორგოლებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივ ბიუჯეტის ცვლილება, რომლითაც ცალსახად დაირღვეოდა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები.