დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრის ჯონათან ჯანოღლის განცხადებით, შეხვედრაზე პარტიათაშორისო საპარლამენტო ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მჭიდრო კავშირები არსებობს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჯანოღლიმ განაცხადა, ძალიან კარგი, პოზიტიური შეხვედრა გაიმართა.
„ჩვენთვის აქ ყოფნა დიდი პატივია. ჩვენი ვიზიტი მოჰყვა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ორი კვირის წინ შედგა. მოხარულები ვართ, რომ ეს პირველი პარტიათაშორისი ჯგუფია, რომელიც საქართველოს არჩევნების შემდეგ ეწვია და გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ის მჭიდრო კავშირი, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა ჩვენს ქვეყნებში საპარლამენტო ინტერესების, დემოკრატიის მხარდაჭერისა და სამართლის საკითხებზე“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი შეხვედრებს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთანაც გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.
პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი საქართველოს 8 დეკემბერს დატოვებს.