მთავრობის გეგმა მიზნად ისახავს ყველაფრის გაძვირებას - განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, მთავრობის დამტკიცებისას, ლარიზაციის გეგმაზე საუბარი არ ყოფილა.
”ბოლო რამოდენიმე წელია ვისმენთ ხელისუფლების და დეპუტატების მხრიდან, რომ საქართველოს ეკონომიკაში არაფერი ნეგატიური არ ხდება, ყველაფერი კარგად მიდის, ლარი ჯანსაღად იქცევა, მოსახლეობა უშვებს შეცდომებს, როდესაც არ სარგებლობს კერძო ბანკირების მომსახურებით. საბოლოო ჯამში კი, სადაც მივედით, ყველანი კარგად ვხედავთ. დღეს 2,7-ს გადასცდა კურსი. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს აჟიოტაჟია, ეს შოკია და ა.შ. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში მივედით კრიტიკულ ნიშნულამდე.
ზოგადად, როდესაც ხელისუფლება დებს კონკრეტულ გეგმას, მიზნად ისახავს პრობლემა მოაგვაროს, ამ გეგმამ უნდა გამოიწვიოს მაინც ალბათ რაღაც პოზიტიური ეფექტი, თუმცა ჩვენ ვხედავთ რა რეაქცია მოჰყვა ამ 4 პუნქტიან გეგმას, როდესაც ლარმა ძალიან ცუდი რეაქცია მოახდინა. ეს გეგმა ისახავს ყველაფრის გაძვირებას მოსახლეობისთვის. თუმცა საუბარი იმაზე, რომ არაფერი გაძვირებულა ცინიზმია ჩვენი მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ მოიმატა ფასებმა ყველაფერზე, მათ შორის პირველადი მოხმარების საგნებზე”, - აღნიშნა ტუღუშმა.