დღეს ჩაქვში, აგროინვესტსერვისის შენობაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს 1 დეკემბრის მდგომარეობით ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, 1 დეკემბრის მდგომარეობით, ციტრუსის ექსპორტის და გადამუშავების უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. კერძოდ, 10 500 ტონა ციტრუსი ექსპორტზე გავიდა, რაც მოსალოდნელი საექპორტო მოსავალის 30%-ს შეადგენს, ხოლო 1 500 ტონა გადამუშავებულია კონცენტრატზე, რაც მოსალოდნელი არასტანდარტული მანდარინის რაოდენობის 16%-ს შეადგენს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ძირითად საექსპორტო ბაზრებს, უზბეკეთის, მოლდოვის, ყაზახეთისა და ბელარუსის საექსპორტო ბაზრები დაემატა. ასევე პოლონეთში საექსპორტოდ მიმდინარეობს ციტრუსის დამზადება.
ლაშა კომახიძის განცხადებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგულარულად აწარმოებს ციტრუსის ჩასაბარებელი ფასების მონიტორინგს. 1 დეკემბრის მდგომარეობით 1 კგ ჩასაბარებელი ციტრუსის ფასი 65 თეთრია, თუმცა ის ვარირებს ზომისა და ხარისხის მიხედვით. არსებული გამოცდილება იძლევა საშუალებას ვივარაუდოთ 10 დეკემბრის შემდეგ, საახალწლოდ მანდარინზე ფასის მატება.
ლაშა კომახიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში დღევანდელი მდგომარეობით ციტრუსის ჩაბარების მიზნით 37 შემფუთავ-დამახარისხებელი საწარმო ფუნქციონირებს, რომელთაგან ორი მიიღებს და გადაამუშავებს არასტანდარტულ მანდარინსაც. 37 საწარმოდან 4 მსხვილი ქარხანაა, ხოლო დანარჩენი 33 საშუალო და მცირე სიმძლავრის საწარმოებია. ამ საწარმოთაგან ნახევარს უკვე 3 000 ტონამდე მანდარინი აქვს მიღებული.
,,ჩვენ მოვისმინეთ სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიში ციტრუსთან დაკავშირებით. წელს ძალიან კარგი სეზონი გვაქვს. მაქსიმალურადაა ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტრო. დღეს ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში 37 საწარმო მუშაობს, რომელიც იბარებს და ამუშავებს ციტრუსს. მათ შორის 4 მსხვილი საწარმო. დღეს ჩვენ ერთ-ერთ ასეთ საწარმოში ვიმყოფებით. მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია. აღნიშნული საწარმოებიდან მანდარინი არამხოლოდ ტრადიციულ ბაზრებზე, არამედ ევროპის ქვეყნებშიც გავა. მათ შორის პოლონეთში, უნგრეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
ჩართულია შუა აზიის ქვეყნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ გასულ სეზონთან შედარებით ციტრუსის უპრეცედენტო რაოდენობა უკვე გავიდა ექსპორტზე. ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფომ უკვე დაიწყო არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება. ეს არის ერთ-ერთი ქარხანა, სადაც ხდება არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირება. აქვე აღვნიშნავ, რომ 2000 ტონამდე არასტანდარტული ციტრუსი უკვე გადამუშავებულია. ვფიქრობ ეს არის დამატებითი სტიმული ჩვენი მოსახლეობისათვის და ფერმერებისათვის“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
ასევე რეგიონის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს ამ პროცესებში მაქსიმალური ჩართულობისათვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც სამინისტრო ფერმერების და მწარმოებლების მიმართ ახორციელებს.