დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მაიაკოვსკის ქ. №55/24-ში მდებარე ავარიული სახლის დემონტაჟისა და ახალი სახლის მშენებლობის სანაცვლოდ მოქალაქეთა საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, პროექტის განსახორციელებლად 568 600 ლარი იქნა გათვალისწინებული.
ამორტიზებული სახლის დემონტაჟსა და, სანაცვლოდ, ახალაშენებულ საცხოვრებელ სახლში ბინების გადაცემას შპს ,,რეალმშენი“ უზრუნველყოფს, აღნიშნულ შპს-სა და მაიაკოვსკის ქ. №55/24-ში მცხოვრებ მოსახლეობას (ამხანაგობა „კეთილი მეზობლები“) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
ინვესტორმა სამუშაოების ნაწილი უკვე განახორციელა და ამ დროისათვის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების ჩარიცხვას ელოდება.
როგორც საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, მაიაკოვსკის ქ. №55/24-ში მდებარე ავარიული სახლის 45 ოჯახის საკუთრებაში რეგისტრირებულია 2517,52 კვ/მ საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად 1კვ/მ საცხოვრებელ ფართზე გასაცემი საკომპენსაციო თანხა შეადგენს 225,85 ლარს.
დღეისათვის 33 ოჯახზე, რომელთა საკუთრებაში სულ ირიცხება 1906,51 კვ/მ საცხოვრებელი ფართი, შესაბამისად ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 430585,28 ლარს.