სოფელ კაპრეშუმში მდებარე "სოციალურ სახლში" 50 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცა.
მოსახლეობას ბინის მიღება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ლევან გორგილაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს.
"დღეს 50 ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცა. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მათთვის, ვუსურვებ თითოელ ოჯახს კეთილდღეობას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ რაც შეიძლება მეტ ოჯახს ჯანსაღი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს. როგორც იცით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სოფელ ვაშლოვანში და თამარის დასახლებაში ჯამში 133 ბინიანი ორი სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა, სადაც ასევე უახლოეს პერიოდში მოსახლეობას საცხოვრებელ ბინებს საკუთრებაში გადავცემთ. 2017 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტი მაქსიმალურად მოსახლოების საჭიროებებიდან გამომდინარე შეიქმნა. გასულ წელთან შედარებით ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 1 400 000 ლარით არის გაზრდილი. ჩვენი მიზანია რეგიონში განხორციელებული თითოეული პროექტით სარგებელი პირველ რიგში სწორედ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ"-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.
"სოციალური სახლის" მშენებლობა ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარით დაფინანსდა. ეკომიგრანტი ოჯახების განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 14 აპრილს დაიწყო და 20 მაისამდე გაგრძელდა. ბენეფიციართა განცხადებები ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში არსებულმა შესაბამისმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა. შემოსული დოკუმენტაციიდან კომისიამ ხელვაჩაურში მცხოვრები 50 ეკომიგრანტი ოჯახის ბინებით უზრუნველყოფის რეკომენდაცია გასცა. 50 ბინიანი სოციალური სახლი შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებულია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში, ორი 5 სართულიანი "სოციალური სახლის" მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და წელს დასრულდა.