,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით, თანაგუნდელებს საჯაროდ უსვამს რამდენიმე კითხვას. თაქთაქიშვილი ენმ-ის წევრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს:
,,ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება მ/წლის 30 ნოემბერს, 14:00 საათზე.
ამ პოლიტიკურმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს ყრილობის დღისწესრიგი, თარიღი. ყრილობისთვის დელეგატთა რაოდენობა და მათი შერჩევის წესი.
მაშინ, როდესაც უპრეცედენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც პარტიის მხარდამჭერები და აქტიური წევრები ასე აქტიურად გამოხატავენ მოთხოვნას და სურვილს, ჩართულნი იყვნენ პარტიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ახლა მათ პრაქტიკულად არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ რა წესით და როგორ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ყრილობაში ან რა საკითხები შეიძლება იყოს წარმოდგენილი ყრილობის დღისწესრიგში განსახილველად.
სამწუხაროდ, ამ დრომდე არც ჩვენი პარტიის საიტზე და არც ფეისბუქ გვერდზე არ გამოქვეყნებულა განსახილველად წარდგენილი ალტერნტიული ვარიანტების შესახებ ინფორმაცია. მეც ვიყავი ჩართული ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთის - 7000 დელეგატიანი ყრილობის მოწვევის და დელეგატების შერჩევის წესის შემუშავებაში და ძალიან მინდოდა, თქვენგან მიმეღო კონკრეტული შენიშვნები და წინადადებები. ძალიან ბევრ თქვენთაგანც პირადადაც შევხვდი, პირადი მიმოწერაც გვქონდა, თუმცა არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ამიტომ აქვე დაგისვამთ ჩემს კითხვებს:
- პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი უნდა იყოს თუ არა შეტანილი მომავალი ყრილობის დღისწესრიგში?
- ყრილობა უნდა ჩატარდეს თუ არა 27 დეკემბერს?
- უნდა ჩატარდეს 7000 დელეგატიანი ყრილობა თუ 2000 დელეგატიანი?
- ყრილობაზე უნდა ავირჩიოთ თუ არა ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და უნდა ჩატარდეს თუ არა რეგიონული პრაიმერისები პოლიტსაბჭოში რეგიონების წარმომადგენლების შესარჩევად?
- მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეებს და მაჟორიტარებს უნდა მიეცეთ უფლება დელეგატები შეარჩიონ დახურულ კარს მიღმა, თუ ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს და პარტიის აქტივს თავად უნდა მიეცეს შესაძლებლობა წინასწარ იცოდეს ვინ იქნებიან დელეგატები და უფლება ქონდეს, მოთხოვნის და პარტიის აქტივის თანხმობის შემთხვევაში თავადაც იყოს დელეგატი?
- როგორი ფორმით წარმოგიდგენიათ მხარდამჭერთა ჯგუფების მონაწილეობა ყრილობაში. მხარდამჭერთა ჯგუფები რა კრიტერიუმით უნდა განისაზღვროს და რა წესით? დელეგატთა რაოდენობის რა ნაწილს უნდა შეედგენდნენ მხარდამჭერთა ჯგუფების დელეგატები?
დიდი მადლობა წინასწარ თქვენი მოსაზრებების გაზიარებისთვის”, - წერს თაქთაქიშვილი.