ახალი რეალობის ძრავი ჩართულია და ამას ვერაფერი გააჩერებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას.
„მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე, რომ სხვამ არ თქვას და მერე დითირამბებში არ ჩაითვალოს. არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, გავდივარ ხოლმე სუფრიდან, როცა ასეთი რამ ხდება. არასოდეს თათბირის დროს არ ვჯდები მაგიდის თავში. არასოდეს არც ერთ ორგანიზაციაში, რომელშიც მიმუშავია, არ მიმართავს ორგანიზაცია შიდა დაპირისპირებების და ინტრიგების მეშვეობით. ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ სრულიად ახალი სტილით იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც დღეს გვაქვს და ამიტომ ვახსენებ. რატომ ვახსენებ ამას ზუსტად დღეს და რატომ გესაუბრებით თქვენ, ჩვენს ოპონენტებს, ამასაც ძალიან კონკრეტული მიზანი აქვს. ის, რასაც თქვენ გუშინ უწოდეთ პოლიტიკური უტიფრობა, სხვა სიტყვები, მე მინდა ერთი მარტივი სიტყვა ვუწოდო - ეს არის, მეგობრებო, ქედმაღლობა. ამიტომ არ აგირჩიათ თქვენ ქართველმა ხალხმა და საქართველოს მოსახლეობამ. ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის უმცირესობაში და ამას სჭირდება გაანალიზება და გათვიცნობიერება. ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი საკუთარ შეცდომებზე ისაუბროს და მე თქვენ ამის მაგალითი მოგეცით; შესწევს უნარი, ოპოზიციის წარმატებაზე ისაუბროს, ამის მაგალითიც მოგეცით. ასე რომ, ახალი რეალობის ძრავი ჩართულია და ამას ვერაფერი გააჩერებს. ამ ახალ რეალობაში იმ გამოწვევებს, რომელსაც ეს ახალი რეალობა გვკარნახობს, პასუხობს ის ძალა, რომელიც დღეს არის ხელუისუფლებაში, მოგწონთ თქვენ ეს თუ არ მოგწონთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.