პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას რუსეთ-საქართველოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეესკალაციის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში გრძელდება, ოღონდ ეს არ მოხდება საქართველოს ინტერესების ხარჯზე.
„გრძელდება დეესკალაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასპექტში, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ფეხდაფეხ გავაუმჯობესოთ სავაჭრო ურთიერთობები, ნეიტრალიზება მოვახდინოთ იმ რისკების, რომელიც არსებობს რეგიონში და შევქმნათ საკმარისი სტაბილურობა იმისთვის, რომ გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური განვითარება შესაძლებელი გახდეს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა შერიგების პოლიტიკაზე და თქვა, რომ "დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკა მთავარ ქვაკუთხედად რჩება".