დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის - ყავისფერი მარმარა ბაღლინჯოს წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების შემუშავების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა მსოფლიოს წამყვან ენტომოლოგებთან. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე დაესწრო. უცხოელმა სპეციალისტებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებთან ერთად წარმოადგინეს პირველადი გეგმა და რეკომენდაციები. აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად განხორციელდება. „კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში შემუშავდება საგანგებო და გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ფერმერთა ცნობიერების ამაღლება, მუდმივი მონიტორინგი და პროცესის მართვა. მნიშვნელოვანია, რომ მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებში სხვა ქვეყნებში აპრობირებული მეთოდი იქნება გამოყენებული,“ - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.
უცხოელი სპეციალისტები სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებთან ერთად დასავლეთ საქართველოში - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და ნარგავები დაათვალიერეს. ვითარების გაცნობის შემდეგ დადგინდა მავნებლის გავრცელების არეალი და შემუშავდა რეკომენდაციები.
მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების ვიზიტი საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP), საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) მხარდაჭერით შედგა.
ყავისფერი მარმარა ბაღლინჯოს გავრცელება მიმდინარე წლის ზაფხულში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. პოლიფაგი მავნებელი აზიანებს თხილსა და 100-ზე მეტი სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.