კომპანია "აიტექნიკი" სააერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ეხმიანება და სპეციალირ განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, რომ მხარს უჭერენ საკითხის სამართლებრივ ჭრილში გადაწყვეტას.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ ა/წ 22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც გარკვეულწილად უკავშირდებოდა კომპანია „აიტექნიკს“ და მის მიერ ინიცირებულ დავას „Iphone+” წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
უპირველესად აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი და პირიქით მხარს უჭერთ ნებისმიერი საკითხის სამართლებრივ ჭრილში გადაწყვეტას. ამასთან, ჩვენთვის გაუგებარია თავად გავრცელებული განცხადების შინაარსი, რომელიც ერთი მხრივ აცხადებს, რომ არ აფასებს მიმდინარე დავის შინაარს და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყევტილებას, ხოლო მეორე მხრივ აცხადებს, რომ საზოგადოებაში არსებობს ლეგიტიმური ეჭვი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებაზე მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ სასამართლო საქმის მასალების და შესაბამისი მტკიცებულების შესწავლის გარეშე მსგავსი სახის განცხადების გაკეთება არის უსაფუძვლო, ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს, ზიანს აყენებს ჩვენი კომპანიის რეპუტაციას და ხელს უწყობს საზოგადოებაში მიმდინარე დავასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებს.
ჩვენი მიზანია ყველა ობიექტური ორგანიზაცია დაინტერესდეს სასამართლო დავის დეტალებით და საზოგადოებას ეცნობოს სიმართლე თუ რა არაკანონიერი მეთოდებით ცდილობდა „აიპლიუსი“ წლების განმავლობაში ჩვენი კომპანიის ბაზრიდან განდევნას და ამით მონოპოლიის შენარჩუნებას.
შესაბამისად, მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს, გავაცნოთ და მივაწოდოთ სასამართლო საქმის მასალები და ინფორმაცია დავის მიმდინარეობის შესახებ, რაც გააქარწყლებს ყოველგვარ ეჭვს მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით”, აცხადებენ კომპანიაში.