,,ნაციონალური მოძრაობის” კვოტით, ნდობის ჯგუფის წევრობის კანდიდატი ირაკლი აბესაძე იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას თავად აბესაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ენმ ემზარ კვიციანის ნდობის ჯგუფის წევრად შესაძლო დასახელებას ეწინააღმდეგება.
"იმისთვის, რომ ნდობის ჯგუფში გამწესდეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, აუცილებელია მან გაიაროს სპეციალური შემოწმება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების შესახებ, რომელსაც სპეციალური სამსახურები აწარმოებენ. ასევე ქართული ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, იქნება თუ არა ნდობის ჯგუფში ემზარ კვიციანი და თვლიან თუ არა ისინი, რომ შესაძლებელია მას ჰქონდეს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, სახელმწიფო საიდუმლოს შესყიდვებთან თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არ უნდა იყოს ნდობის ჯგუფში. ნაციონალური მოძრაობიდან წევრობის კანდიდატი მე ვიქნები", - ამბობს აბესაძე.