ჩვენი გუნდის წევრები მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის დასახელების შემდეგ.
მისივე თქმით, დღეს, მსოფლიოში მოვლენები სწრაფი ტემპებით იცვლება, სწრაფად ვითარდება გარემოებები, ქვ ეყნის წინაშე ყოველდღიურად დგება ახალი გამოწვევები. კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანა ვალდებულია ამ გამოწვევებს ახალი ენერგიით, სწრაფი და ეფექტიანი ქმედებებით უპასუხოს.
”მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას, რომლებთან ერთადაც ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ და რომლის თითოეულ წევრთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს, უპირველეს ყოვლისა კი, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ დარჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად და მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში აღარ არიან: ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური, ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.