დღეს, აჭარის მთავრობის აპარატში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. ეკონომიკურ საბჭოზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ეკონომიკური საბჭოს წევრ მინისტრებს ქობულეთის ნაგავსაყრელის პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ცეცხლაურის ნაგავსაყრელის ტერიტორის განსახლების გეგმაზე მუშაობა დასრულებულია.
გეგმის მიხედვით კომპენსაციის გაცემა დადგენილი საბაზრო ფასების მიხედვით მოხდება. სამუშაოების საწარმოებლად დაგეგმილია საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება.
ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საინდანაც 3 მილიონი ევრო EBRD-ს მიერ იაფი სესხის ფარგლებში გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.
ნაგავსაყრელის პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის პოლიგონისა და მისასვლელი გზის მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივ დახურვას.