სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა გაიზარდა ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები, - ნათქვამია "იუნისეფის" ახალ კვლევაში.
კვლევის მიხედვით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.
ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რომ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
”სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად. საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს სოციალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას მისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინაშე. ბავშვის უფლებათა დაცვა ახლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს და არსებითია უფრო ძლიერი და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. საჭიროა მეტი ინვესტიცია ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის. სხვაგვარად გვექნება ნელი ზრდა, მეტი უთანასწორობა და ნაკლები სტაბილურობა”, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ლაილა ომარ გადმა.
კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ფარგლებში გაერო-ს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მცხოვრები 4 533 ოჯახი გამოკითხა.