ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მედია თავისუფლების მნიშვნელობაზე და ,,რუსთავი 2“-ის ხვალისთვის ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ჩუგოშვილი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა თუ სხდომა სასამართლოში ასე მალე არ ჩაინიშნებოდა. მედიათავისუფლების საკითხი მან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთანაც განიხილა.
„მე თვითონ ვისურვებდი, რომ არჩევნებიდან ასე სწრაფად არ ყოფილიყო სასამართლო, რადგან მასთან ბევრი ემოციური დამოკიდებულება და ღელვაა დაკავშირებული. ამიტომ ვისურვებდი, რომ სასამართლოს სხდომა ასე მალე არ ჩანიშნულიყო, მაშინ, როცა ჩვენ ვართ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესში, თუმცა, ეს სასამართლოს კომპეტენციაა, როცა ის ჩათვლის საჭიროდ, მაშინ ნიშნავს სხდომას და იღებს გადაწყვეტილებებს. ეს მთლიანად სასამართლოს უფლებამოსილებაა“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.