უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ თქვენ ვიზიტს, რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენ ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობების შენარჩუნებაში, - ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოსკოვში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა.
"თუკი პოლიტიკოსები და დიპლომატები, როგორც წესი, ცნობიერების დონეზე მუშაობენ, ბიზნესმენები კი, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე - საფულისა და კუჭის დონეზე, ეკლესიები ადამიანთა გულების დონეზე ურთიერთობენ. ადამიანთა გულების ამ კავშირის გარეშე ვერ იქნება კარგი ურთიერთობა ქვეყნებსა და ხალხს შორის. სწორედ ამიტომ, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ თქვენ ვიზიტს, რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენ ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობების შენარჩუნებაში",- განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
მისივე თქმით, დადებითად ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები, რადგან "ჩვენ ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან".
„პირველ რიგში ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ვცხოვრობთ ახლოს, ხშირი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. თქვენი მღვდელმთავრები სტუმრობენ რუსეთს, ჩვენი მეუფეები ჩადიან საქართველოში, რათა წმინდა ადგილები მოინახულონ,“ - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
პრესის თანდასწრებით გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ პატრიარქმა კირილმა აღნიშნა, რომ არის კიდევ საკითხები, რაზეც უკვე პრესის გარეშე ისაუბრებენ.
ილია მეორე მოსკოვში, პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.