აჭარის მთავრობა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ეკონომიკაში დარგის წილის ზრდისთვის ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში 5 ლოჯისტიკური ცენტრი აშენდება.
„თავდაპირველად ვაპირებთ ავაშენოთ ხუთი ლოჯისტიკური ცენტრი მუნიციპალიტეტებში და მთავარი აშენდება ბათუმში. ეს ნიშნავს იმას, რომ ფერმერს აღარ მოუწევს ქალაქში ჩამოსვლა რეალიზაციისთვის. ის შეძლებს ჩააბაროს პროდუქცია ლოჯისტიკურ ცენტრებში და თვითღირებულების 80 პროცენტამდე მიიღოს. ამჟამად პროდუქციის 40 პროცენტამდე რჩება გლეხს. ლოჯისტიკური ცენტრები დაამყარებენ სწორ კონტაქტებს და ეფექტურად მართავენ პროცესს. ამ ცენტრებს ექნებათ კომუნიკაცია სხვადასხვა სასტუმროსთან, სავაჭრო ცენტრთან“, - აღნიშნა გაზეთ „ბათუმელებთან“ საუბრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
პატარაძის თქმით, ტენდერის გზით გამოვლინდება კომპანია, რომელიც მოაწყობს ცენტრებს მუნიციპალიტეტში, შემდეგ კი, სასოფლო კოოპერატივები განახორციელებენ მართვას.
„მათ გადამზადებას ევროკავშირის პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაუტარებს. მთავრობა მხოლოდ ერთჯერადად დახარჯავს ფულს, შემდეგ კი ფერმერს მიეცემა საშუალება მოსავალი შეინახოს, დააფასოს, ისარგებლოს მაცივრებით, ვეტერინარული კლინიკით და ასე შემდეგ. იქვე იქნებიან სპეციალისტები, რომლებიც იურიდიული დოკუმენტაციის წარმოებას უზრუნველყოფენ, მაგალითად, ხელშეკრულებების გაფორმებას. ეს ასევე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია ტრადიციული ბაზრების გარდა გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ ამისთვის ვემზადებით“- აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.