მეცხრე მოწვევის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატი ირაკლი კობახიძე სიტყვით წარსდგა, რის შემდეგაც მას კითხვები დაუსვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ტუღუშის კითხვაზე, რომელიც ენმ-სთან მის დამოკიდებულებას ეხებოდა, კობახიძემ განაცხადა, რომ პასუხისმგებელია თითოეულ წინასაარჩევნო განცხადებაზე.
„რაც შეეხება განცხადებათა სიმძაფრეს, ეს აუცილებელი იყო იმ პერიოდში, რომელიც წინასაარჩევნოდ ჩამოყალიბდა. სწორედ ამ სიმართლემ მისცა მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და რომლის შედეგი ის შემადგენლობაა, რასაც პარლამენტი წარმოადგენს. მზადყოფნას გამოვთქვამ, ვიყო ნეიტრალური ჩემს საპარლამენტო საქმიანობაში. პარლამენტის თავმჯდომარის როლი და ფუნქცია სათანადოდ მესმის. თითქოს, ხელისუფლების ყველა ქმედებას ვამართლებდი. გთხოვდით, ასეთი ერთი ფაქტი მაინც დაასახელოთ“, - განაცხადა კობახიძემ.