პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მთავრობის წევრები ასრულებენ მთავრობის წევრების მოვალეობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ანა დოლიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ მოხდა ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობას ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება.
„გარდამავალ პერიოდში, სანამ მოხდება ახალი მთავრობის დაკომპლექტება, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მთავრობის წევრები ასრულებენ მთავრობის წევრების მოვალეობას.
როდესაც მოხდება ახალი პრემიერის წარმოდგენა და ახალი მთავრობის დაკომპლქტება, რა თქმა უნდა, აღარ გვეყოლება მოვალეობის შემსრულებელი და გვეყოლებიან მთავრობის წევრები“, - განამარტა დოლიძემ.
კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება უწყდება.
ძველ მთავრობას ახლის არჩევამდე დროებით მოვალეობის შესრულება ეკისრება, რაზეც შესაბამის სამართლებრივ აქტს პრეზიდენტი გამოსცემს.
არსებული ინფორმაციით, ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება.