„ქართული დიასპორის ასიათასობით წარმომადგენელი არის უმნიშვნელოვანესი რგოლი საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებაში და მთავრობა ყველანაირად ხელს შეუწყობს საგარეო პოლიტიკის ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმის - სახალხო დიპლომატიის სრული მასშტაბით ამოქმედებას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კონფერენციაზე - „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო ხელს შეუწყობს დიასპორის აქტიურ ჩართულობას საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციისა და პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საკითხში, რაც საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ასევე საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ამოქმედდება ცალკეული ინიციატივები და პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს.
„ეს ახალგაზრდები საქართველოს მომავალია და ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული იმისთვის, რომ ისინი საქართველოში დაბრუნდნენ და თავიანთი ცოდნა და ენერგია სამშობლოს მოახმარონ“, - აღნიშნა მინისტრმა.