ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. საბოლოო შემაჯამებელ ოქმს ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 884 იყო. არჩევნების შედეგები გაბათილდა და განმეორებითი კენჭისყრა აღარ გაიმართა 10 უბანზე. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 825 054-მა ამომრჩეველმა. საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა კი, ასეთია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 477 053 ხმა, "დავით თარხან -მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" 88 097 ხმა, "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" 856 638 ხმა.
"ქართული ოცნებიდან" პარლამენტის წევრად აირჩიეს 115 დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობიდან" - 27, "პატრიოტთა ალიანსიდან" - 6, "თოფაძე მრეწველებიდან" - ერთი და საინიციატივო ჯგუფიდან - ერთი დეპუტატი.
შემაჯამებელი ოქმი "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ ოფიციალურად ძალაში შესულად ჩაითვლება.