პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ მალე ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება მოხდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პერეზიდენტის პრესსპიკერმა ეკატერინე მიშველაძემ განაცხადა, ლარის კურსის ცვალებადობა, რომელიც, პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის მოსახლეობას და შესაბამისად დღეს ეს არის ის პრიორიტეტული თემა, რომელზეც ზრუნვა ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს.
„ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება საქართველოს მთავრობასთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან. გიორგი მარგველაშვილი ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი უწყებები პრობლემის გადასაჭრელად კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც პრეზიდენტი მიესალმება. საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი, მოკლე დროში შეძლებენ ჩამოაყალიბონ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს საჭიროა სწრაფი, ეფექტიანი და ზოგჯერ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაც კი, იმისათვის, რომ მოსახლეობის სოციალურ პირობებს საფრთხე არ შეექმნას», აღნიშნა მიშველაძემ.