რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ნატო- საქართველოს ერთობლივი წვრთნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხეა.
შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“ყურადღება მივაქციეთ ნატო-საქართველოს მორიგ სამხედრო მანევრებს, რომლებშიც 13 ქვეყნის 250-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული უკვე მესამე მრავალეროვნული სწავლებაა, მაისში ჩატარებული Noble Partner-ისა და სექტემბერში ჩატარებული Agile Spirit-ის შემდეგ. მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ოპერატიული მომზადების მასშტაბებისა და ინტენსიურობის გეგმაზომიერი გაზრდა ალიანსის სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების აქტიური ჩართულობით”, - ნათქვამია განცხადებაში.
“რუსეთი მსგავს აქტივობაში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს ხედავს. თავისი შეშფოთება არაერთხელ გამოთქვეს საქართველოს მეზობლებმა - აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ უბიძგა ნატო-ში წევრობის დაპირებებმა, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე გაისმა, თბილისს 2008 წლის აგვისტოში რუს მშვიდობისმყოფელებსა და ცხინვალის მშვიდობიან მოქალაქეებზე დანაშაულებრივი თავდასხმისკენ”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ნატო არ მალავს, რომ სამხედრო პარტნიორობა თბილისთან განიხილება როგორც რუსეთის შეკავების პოლიტიკის ნაწილი.
“როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს ამ კონტექსტში, ართულებს რუსულ-ქართული ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესს”, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.