ელჩი პოლოლიკაშვილის გამოცდილება ზუსტად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის რთული საქმიანობის შესასრულებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენის დროს განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია უდიდეს როლს ასრულებს ტურიზმის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინკლუზიური განვითარებისა და გარემოს მდგრადობის შენარჩუნების მამოძრავებელი ძალის, მნიშვნელობის განმტკიცებაში.
„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი და დავასახელო ძირითადი მიზეზები, თუ რატომ თვლის მას ჩვენი მთავრობა შესანიშნავ კანდიდატად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია უდიდეს როლს ასრულებს ტურიზმის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინკლუზიური განვითარებისა და გარემოს მდგრადობის შენარჩუნების მამოძრავებელი ძალის, მნიშვნელობის განმტკიცებაში. ამ სტატუსით მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, რისთვისაც ჩვენი მზადყოფნის შესახებ ჩვენ ერთ წელიწადზე მეტია, რაც განვაცხადეთ. რასაკვირველია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებთან ტურიზმის, ადამიანებს შორის კონტაქტებისა და საერთაშორისო გაცვლების უდიდეს სარგებელზე ლაპარაკი ზედმეტიც შეიძლება იყოს, რადგანაც ეს ისედაც ცხადზე ცხადია. ასე რომ, ყურადღებას გავამახვილებ იმ მიზეზებზე, თუ რატომ ვუცხადებთ ჩვენ ელჩ პოლოლიკაშვილს უპირობო მხარდაჭერას. პირველ რიგში, ელჩი პოლოლიკაშვილის გამოცდილება ზუსტად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის რთული საქმიანობის შესასრულებლად”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.