აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.
ჩინეთის საბანკო სექტორის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებთან საუბარი აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგუალციებს, საფინანსო სერვისებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. რამაზ ბოლქვაძემ სტუმრებს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები გააცნო.
„რეგიონის ხელსაყრელი მდებარეობა, ქვეყანაში შექმნილი ჯანსაღი საინვესტიციო გარემო და არსებული პოტენციალი კერძო ინვესტიციების ყოველწლიურად მზარდ ტენდენციას განაპირობებს. საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შემდეგ აჭარის რეგიონი რიგით მეორეა კერძო სექტორის მიერ განოხრციელებული ინვესტიციების მოცულობით.
2016 წლის 6 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ინვესტიციები 26%-ით არის გაზრდილი. წამყვანი სექტორები ენერგეტიკა, ტურიზმი და მშენებლობაა. განხორციელებული 208.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიციიდან 154.2 მილიონი აშშ დოლარი უცხოური, ხოლო 53.9 მილიონი აშშ დოლარი ადგილობრივი კერძო ინვესტიციაა, ანუ 2,5 ჯერ მეტია უცხოური ინვესტიცია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მინდა აქვე ხაზი გავუსვა, რომ რეგიონში ზოგადად ბოლო 4 წელში 4-ჯერ მეტად გაიზარდა უცხოური ინვესტიციების მოცულობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უცხოელი პარტნიორები ენდობიან ჩვენს საინვესტიციო გარემოს და თავს დაცულად გრძნობენ თავიანთი კაპიტალის დაბანდებისას“- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ შეხვედრაზე.
დელეგაციის ხელმძღვანელი, სინძიანის პროვინციის საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი კომისიის გენერალური დირექტორი ვანგ ძუნშოუ აჭარაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტებითა და ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის სამომავლო პერსპექტივებით დაინტერესდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და ერთობლივ გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბესიკ ბოლქვაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ბახტაძე ესწრებოდნენ.