2017 წელს ბათუმი ახალი ნაძვის ხით შეხვდება, პროცესს კი ტენდერის გზით შერჩეულია კომპანია „ჯეო სტრიმი“ უზრუნველყოფს. შესყიდვის ღირებულება კი 256 730 ლარია.
ბათუმის მერიასა და „ჯეო სტრიმს» შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. უკვე ცნობილია, რომ ახალი ნაძვის ხის გარდა საახალწლო დღეებში ბათუმში დეკორატიული ანგელოზები, ირმები და თოვლის კაცებიც გამოჩნდებიან.
ბათუმში ახალი ნაძვის ხე ტრადიციულად 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.
სატენდერო პირობების მიხედვით, ახალი ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრი, ხოლო დიამეტრი 11 მეტრი იქნება. ნაძვის ხე უნდა შედგებოდეს მინიმუმ 16 ფენისგან, თითოეული ფენის სიმაღლე მინიმუმ 1.38 მ, ტოტების რაოდენობა მინიმუმ 1880, ტოტების სიგრძე მინიმუმ 150 სმ, ნაძვის ხის წონა მინიმუმ 1650 კგ, დაშორება ძირიდან ტოტებამდე არაუმეტეს 20 სმ უნდა იყოს.
მერიამ ნაძვის ხის გასაფორმებლად 840 ცალი წითელი, მწვანე და ოქროსფერი სათამაშორები შეუკვეთა. ოქრისფერი იქნება კენწეროზე დასამაგრებელი ვარსკვლავიც. ამ ყველაფერს 180 ცალი წითელი ბაფთა დაემატება. მერია ახალი წლისთვის შეისყიდის ასევე წითელ გირლაინდებს და მწვანე ლედ ნათურებს.
გარდა ამისა, მერია 186 ცალ კონუსის ფორმის ლურჯ და წითელ სათამაშოებს შეისყიდის ქუჩების გასაფორმებლად.
რაც შეეხება ძველ ნაძვის ხეს, როგორც ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი განმარტავს, ის ქალაქის სხვა ნაწილში განთავსდება.
როგორც ცნობილია 2016 წელს ბათუმი ვერცხლისფერი ნაძვის ხით შეხვდა. 2015 წლის ბოლოს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „აჭარაგანათება“-მ გაიმარჯვა. გასულ წელს ბათუმის საახალწლო გაფორმებისთვის ქალაქის მერიის ბიუჯეტიდან 420 000 ლარი გამოიყო.
როგორც ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი განმარტავს ნაძვის ხის კარკასი, რომელიც ბათუმს აქამდე ჰქონდა, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო შეძენილი და განახლებას საჭირეობდა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, ბათუმის ნაძვის ხეს ანთებიდან მალევე ხანძარი გაუჩნდა. 2015-2016 წლებში კი ნაძვის ხის ძველი კარკასი ახალი ვერცხლისფერი გირლანდებით გააფორმეს.