საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე GMF (The German Marshall Fund of the United States)-ის და რუმინეთის ასპენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
სესიაზე, რომელზეც თენგიზ ფხალაძე სიტყვით გამოვიდა, NATO-ს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების განხორციელებისა და საერთო ევროპული და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით NATO-ს პარტნიორი ქვეყნების როლზე იმსჯელეს.
თენგიზ ფხალაძემ სესიაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას ავღანეთში და აღნიშნა, რომ საქართველო ერთდროულად NATO-ს გაფართოებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორიც და ასპირანტი ქვეყანაცაა.
„უსაფრთხოება შავ ზღვაზე უმნიშვნელოვანესი პირობაა საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის. საქართველო ის საიმედო პარტნიორია, რომელიც ჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას და მზად არის ამ თანამშრომლობის მეტად გაფართოებისათვის“, - აღნიშნა ფხალაძემ.
მისი განცხადებით, საქართველოს ინეგრაციის ხარისხის ზრდა დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.