,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის მიზანშეწონილობის შესახებ დეტალურ განმარტებას სთხოვს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანიშნულ გადაწყვეტილებას გაუაზრებელსა და ნაჩქარევს უწოდებს და განმარტავს, რომ ასეთი ნაბიჯები სამინისტროს მხრიდან ანგრევს თავდაცვის სისტემას და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას აფერხებს - ,,ჩვენ ვერ მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრისგან რეალური განმარტება თუ რა მიზეზით მოხდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა და მისი აზრით რატომ იქნება წვევამდელების სისტემა უფრო ეფექტური, ვიდრე მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სრულად პროფესიული არმიის ყოლა. სწორად ასეთი გაუაზრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ანგრევს თავდაცვის სისტემას და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას აფერხებს. ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად გადადიოდა სრულად პროფესიულ სისტემაზე, რაც იყო გააზრებული ნაბიჯი და ეყრდნობოდა როგორც დეტალურ გათვლებს, ასევე საქართველოს საფრთხეებთან მიმართებაში აღნიშნული სისტემის ეფექტურობას“, - განმარტავს თამარ კეკენაძე.
თამარ კეკენაძეს აქვს კითხვები მინისტრთან იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება განხილული ქვეყნის მთავარსარდალთან - გიორგი მარგველაშვილთან უშიშროების საბჭოს ფორმატში - ,,მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, აღნიშნული გადაწყვეტილება და თავდაცვის სამინისტროს სამომავლო გეგმები იყო თუ არა განხილული ქვეყნის მთავარსარდათან უშიშროების საბჭოს ფორმატში’’, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.
,,სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეული 100 დღის ანგარიშის წარდგენაზე. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ თავდაცვის მინისტრს ღია და აქტიური კომუნიკაცია ექნება საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან ამ და სხვა ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ეხება.
მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2013 წელს, სწორედ თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა თამარ კეკენაძემ.