ვენესუელის პრეზიდენტი ოპოზიციასთან მოლაპარაკებას იწყებს. ნიკოლას მადურომ პირველი შეხვედრა „დემოკრატიული ერთობის კოალიციასთან“ გამართა. შეხვედრას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დალსი როდრიგესიც ესწრებოდა. შუამავლის ფუნქციას კი მოლაპარაკებებში ვატიკანის წარმომადგენელი კლაუდიო ჩელი, ესპანეთის ყოფილი პრემიერი ხოსე ლუის საპატერო და სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის გენერალური მდივანი ერნესტო სამპერი ასრულებენ. ვითარება ვენესუელაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დაბლოკა. ოპოზიცია მადუროს გადადგომას მოითხოვს.