ნატო ევროკავშირს მიგრანტთა კრიზისის მოგვარებაში დაეხმარება. აღნიშნულ საკითხზე ალიანსი მზად არის ევროპის ქვეყნებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს და პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. საკითხი ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს, სადაც საუბარი იყო ალიანსის ჯარების აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა ისიც, რომ აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ კი ესტონეთში ბრიტანეთი მძიმე ჯავშანტექნიკის, უპილოტო თვითმფრინავებისა და 800 სამხედრო მოსამსახურის განთავსებას აპირებს. კონტინგენტის შეყვანა ესტონეთში 2017 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. მანევრი ნატოს ეგიდით განხორციელდება და მიზნად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებას ისახავს.