აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა.
ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მთავრობის თავმჯდომარეს ბულვარში მიმდინარე პროექტებსა და სამუშაოებზე მიაწოდეს ინფორმაცია. თავის მხრივ ზურაბ პატარაძემ ადმინისტრაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის.
„ბულვარი არა მხოლოდ ბათუმის, არამედ მთელი რეგიონის და ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ისეთი ღირშესანიშნაობაა, რომლის სანახავადაც ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან სპეციალურად ჩამოდიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი რეგიონის სიამაყე, ბათუმის ბულვარი იყოს უფრო ლამაზი, უფრო მოვლილი და ადაპტირებული ყველა საჭიროებისათვის. ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, არ დავიზაროთ და უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სიამაყე. რა თქმა უნდა არის პრობლემებიც, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევით ყველა პრობლემას გადავჭრით. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ბულვარი, აუცილებელია წერტილი დაესვას ქაოტურობას და ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული გეგმით განხორციელდეს. აუცილებელია ვიზრუნოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზეც ბულვარის სხვადასხვა სივრცეში, ასევე აუცილებელია ავამაღლოთ სერვისის დონე“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
მთავრობის თავმჯდომარე ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ესაუბრა.