საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქალაქ ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის განხორციელების შედეგად ქობულეთში ჩამდინარე წყლები პერმანენტულად გაიწმინდება, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ქალაქის მიმდებარე წყალსატევებში გაუწმენდავი წყლის მოხვედრას. ეს კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზღვისპირა კურორტ ქობულეთის სანაპირო ზოლის წყლის ხარისხს და ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
სამუშაოებზე, რომლის საერთო ღირებულება 5 867 300 ლარია, 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიის მთავრობისა და აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.