აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონში ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას. ამჯერად, ტრენინგი კვების ობიექტების 20-მდე თანამშრომელს სარესტორნო ბიზნესის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ უტარდებათ. სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში მიმტანები მომხმარებლებთან კომუნიკაციის, სუფრის გაშლისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის ეტიკეტს გაეცნენ. დღეს, კი ტრენინგი ღვინის მიწოდების პრაქტიკული და თეორიული სწავლებებით დასრულდება.
მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრში 261 ადამიანი გადამზადდა. ტრენინგები განთავსების ობიექტების ადმინისტრატორებს, რეზერვაციის სამსახურის თანამშრომლებს, კვების ობიექტების მენეჯერებს, მიმტანებსა და ტურ ოპერატორებს ონლაინ დაჯავშნის, საკვები პროდუქტების ინსპექტირების, სარესტორნო ბიზნესის მართვის, სერვისის ხარისხის გაუმჯობესებისა და პიარ კომუნიკაციების შესახებ ჩაუტარდათ. წლის ბოლომდე კი დეპარტამენტში 20-ზე მეტი ტრენინგია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც 200 ადამიანის გადამზადება იგეგმება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ კადრებს უფასო ტრენინგებს ყოველკვირეულად სთავაზობს. მსურველებს ტრენინგების განრიგის ნახვა დეპარტამენტის ვებ-გვერდზე recommend.ge შეუძლიათ.