“ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ განახლებულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერლან აბდილდაევმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში. ხელმოწერა ყირგიზეთის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პოლიტიკური ურთიერთობების მაღალი დონე საქართველოს და ყირგიზეთს შორის დადებითად მოქმედებს ორი ქვეყნის ბიზნესების თანამშრომლობაზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ხელმოწერილი შეთანხმების “ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ მნიშვნელობა. მისი თქმით, განახლებული შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს ქართველ და ყირგიზ ინვესტორებს, განახორციელონ ინვესტიციები.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, მართალია, არ არის დიდი, მაგრამ სავაჭრო სალდო არის დადებითი. მისი თქმით, შეთანხმება გაზრდის ინვესტიციებს ორივე მიმართულებით და ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის.
შეთანხმება ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ინვესტიციების განხორციელებაში ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ასევე სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, კერძო კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, ხელშემკვრელ მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას. მისი დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის თანამედროვე მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში მათი გადაჭრის გზებს, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებას.
ხელმოწერილი შეთანხმება ჩაანაცვლებს დღეის მდგომარეობით მოქმედ „საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვისა შესახებ“ 1997 წლის 22 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებას.