საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფრო და უფრო დატვირთული ხდება და კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ დაინტერესებულთა რიცხვი დღითი დღე მატულობს. პროგრამის ფარგლებში, მისი ამოქმედებიდან სულ რაღაც 7 თვეში კიდევ ერთი, ახალი, რიგით მეოთხე პროექტი ხორციელდება.
ახალი პროექტის, ამერიკული დრამის „კლოუნი“ გადაღებები საქართველოსა და ნიდერლანდებში ხორციელდება, კერძოდ, საქართველოში გადასაღებ მოედნად თბილისის, ბათუმის და რუსთავის ტერიტორიები შეირჩა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფილმში ერთ-ერთი მთავარ როლს ცნობილი ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი, ლილი კოლინსი ასრულებს, ხოლო აღნიშნული მხატვრული ფილმის რეჟისორია ამერიკელი პოეტი და ჟურნალისტი ანტონი ლუცერო, რომელმაც დაწერა რამდენიმე კინოსცენარი, მათ შორის „კლოუნი“ და რიჩარდ ბრაუტიგანის ‘A Confederate General from Big Sur’ -ის ადაპტაცია განახორციელა. „კლოუნის“ გადაღებებისას ამერიკელი რეჟისორი ქართულ საპროდიუსერო კომპანიასთან შპს. „მისთი დონი“ აქტიურად თანამშრომლობს.
დღეს, 17:00 საათზე მასმედიის წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა დაესწრონ ფილმის გადაღებებს ამაღლების ქუჩა #18-ში და დაუსვან შეკითხვები, როგორც უშუალოდ რეჟისორს, ისე მთავარი როლების შემსრულებელ მსახიობებსაც.
ფილმის გადაღებების ფარგლებში საქართველოში 1 500 200 ლარი დაიხარჯება. ფილმში ისეთ უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან: ლუკას ჰაასი, პოლ სვერი, ჰოლიდეი გრეინგერი, ჯანოს დერზი, ჰარი თრიდევეი, სტეისი მარტინი, ნიკოლა ჯურიცკო და ჟან-მარკ ბარი, ქართველი მსახიობები ნუცა კუხიანიძე და ქეთი მჭედლიშვილიც მონაწილეობენ. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გადაღებების მსვლელობისას ჯამში 30 ადამიანია დასაქმებული.
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში განხორციელდა 4 პროექტი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 3 ფილმზე, ხოლო 1 ფილმის გადაღებებები ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 6.5 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო ადგილობრივად 630 ადამიანი დასაქმდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში.
ამავე პერიოდში საქართველოში განხორციელდა არაერთი რეკლამის თუ მუსიკალური ვიდეო რგოლის გადაღებები, რაც ასევე ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაციას.