ბათუმში, 6 მაისის პარკში არსებულ ტბაში აერაციის სისტემის მონტაჟის შემდეგ მერია ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზეც იწყებს ზრუნვას. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, ტურისტების მისაზიდად და მათთვის შესაბამისი სერვისის შესაქმნელად ნურიგელის ტბაზე ელექტრონული ნავების სერვისის ამოქმედება იგეგმება. სწორედ ამ მიზნით, მომავალ კვირაში მერია აუქციონს გამოაცხადებს და ამ გზით შეარჩევს კომპანიას, რომელიც ტბაზე შესაბამის სერვისს შექმნის.
წინასწარი გათვლებით, აუქციონში გამარჯვებული კომპანია ტბაზე 4 ელეტრონული ნავის გაშვებას უზრუნველყოფს, რომელიც საშუალოდ 6 ადამიანზე იქნება გათვლილი.
რაც შეეხება ფასებს ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გამარჯვებული კომპანია მერიას საკუთარ ბიზნესგეგმას წარუდგენს. ცხადია ეს კომპანია საკუთარი ბიზნესის გაფართოებითაც იქნება დაინტერესებული და ტურისტს სხვა დამატებით სერვისებსაც შესთავაზებს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიიამ უკვე განხორციელა აერაციის სისტემის პირველი ეტაპი, რაც ზედაპირული აერაციის შადრევნის მოწყობას გულისხმობს.
ტბაში ჩამონტაჟებული აერაციის სისტემა უზრუნველყოფს ტბის წყლის ჟანგბადით გაჯერებას, რაც ტბის ეკოლოგიური დეგრადაციის პროცესს შეაჩერებს. გარდა აერაციისა, დაგეგმილია მთელი რიგი კომპლექსური სამუშაოები, რაც ტბის გაცოცხლებას უზრუნველყოფს.
აერაციის სისტემის შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საფუძველზე განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 292 ათას 400 ლარი გამოიყო.
გარდა ამისა, ტბის გასუფთავების მიზნით, უნდა მოხდეს ტბის დათევზიანება სპეციალური ჯიშით, რომელიც წყალმცენარეებით იკვებება. ნურიგელის ტბის სიგრძე 360 მ-ია, სიგანე – 160 მ, მაქსიმალური სიღრმე – 6, 3 მ. ზედაპირის ფართობია 57 600 კვ.მ, ხოლო წყლის სავარაუდო მოცულობა 230 000 კუბური მეტრია.