ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ტრანსკასპიურ დერეფანში ყაზახური ტვირთების გადაზიდვაზე შეღავათიანი ტარიფი შეათანხმეს.
შეთანხმება ასტანაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საკოორდინაციო კომიტეტის მორიგ შეხვედრაზე შედგა.
დერეფნის მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებს ყაზახეთიდან საექსპორტო ტვირთის ნაწილი, მათ შორის მარცვლეული, ნავთობპროდუქტები და ფერადი ლითონები.
ყაზახური მედიის ცნობით, ამავე შეხვედრაზე დაფუძნდა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაცია.
ასოციაცია კონცენტრირებული იქნება ტრანზიტული და საგარეო სავაჭრო ტვირთების მოზიდვაზე და ამ დერეფანში ინტეგრირებული ლოგისტიკური პროდუქტების განვითარებაზე, ასევე ეფექტიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაზე.
ასოციაციის ფარგლებში იმუშავებენ ინტეგრირებული მომსახურების ღირებულების განსაზღვრაზე, ასევე გადაზიდვების პროცესის ერთიანი ტექნოლოგიის შემუშავებაზე, ადმინისტრაციული ბარიერების შემცირებაზე, რაც დაკავშირებულია სასაზღვრო და საბაჟო პროცედურებისა და ტვირთების გადამუშავებასთან.
ყველა ეს ღონისძიება მიმართული იქნება ალტერნატიულ მარშრუტებთან შედარებით ამ დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის.