ბათუმში, 6 მაისის პარკში არსებულ ტბაში აერაციის სისტემის მონტაჟი დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე განხორციელდა აერაციის სისტემის პირველი ეტაპი, რაც ზედაპირული აერაციის შადრევნის მოწყობას გულისხმობს.
გარდა ამისა, მიმდინარეობს 10 ერთეული სიღრმისეული დანადგარის მონტაჟი, რომელიც 10 დღის განმავლობაში დასრულდება.
ტბაში ჩამონტაჟებული აერაციის სისტემა უზრუნველყოფს ტბის წყლის ჟანგბადით გაჯერებას, რაც ტბის ეკოლოგიური დეგრადაციის პროცესს შეაჩერებს. გარდა აერაციისა, დაგეგმილია მთელი რიგი კომპლექსური სამუშაოები, რაც ტბის გაცოცხლებას უზრუნველყოფს.
აერაციის სისტემის შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საფუძველზე განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 292 ათას 400 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ვოთერ ლაითი“ ასრულებს. ტბაში ციანობაქტერიის დონე მიმდინარე წლის ივნისში გაიზარდა, რამაც ტბის ზედაპირზე ნადების წარმოქმნა გამოიწვია. ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა ციანობაქტერიების ტიპი. ჩატარდა ჰიდრობიოლოგიური და ჰიდროქიმიური ლაბორატორიული კვლევები. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე შემუშავდა ტბის პრობლემის მოგვარების რამდენიმეპუნქტიანი გეგმა, რომლითაც, პირველ რიგში, ტბაში სააერაციო სისტემის მონტაჟი უნდა განხორციელებულიყო.
გარდა ამისა, ტბის გასუფთავების მიზნით, უნდა მოხდეს ტბის დათევზიანება სპეციალური ჯიშით, რომელიც წყალმცენარეებით იკვებება. ნურიგელის ტბის სიგრძე 360 მ-ია, სიგანე – 160 მ, მაქსიმალური სიღრმე – 6, 3 მ. ზედაპირის ფართობია 57 600 კვ.მ, ხოლო წყლის სავარაუდო მოცულობა 230 000 კუბური მეტრია.