აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ახალი საწარმო დაათვალიერეს. საწარმო წყლის ავზებისა და სახურავი მასალების წარმოებას ახორციელებს,რასაც მალე პლასტმასის ნაკეთობების და 30-მდე სხვა პროდუქციის წარმოება დაემატება.
მთავრობის წევრებს საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია შპს „ნოვას“ ტექნიკურმა დირექტორმა რამაზ ირემაძემ გააცნო.
ახალმა საწარმომ ფუნქციონირება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ინვესტორი მიღებული 1,200 000 აშშ დოლარი დაფინანსებით უკვე არსებულ საწარმოს აფართოვებს. პროგრამით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიხედვით პირველ ეტაპზე კომპანიამ უკვე განახორციელა 3600 კვ.მეტრზე საწარმოს მშენებლობა და ამ დროისთვის 8000 კვ.მეტრზე ახალი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ექსპლუატაციაში წლის ბოლოსთვის შევა. ორივე საწარმოს ინვესტიციის საერთო მოცულობა 2 მლნ აშშ დოლარია. საწარმოებში ჯამში 50 მოქალაქე დასაქმდება.
მთავრობის წარმომადგენლები მოგვიანებით ახალი საწარმოს მშენებლობის პროცესსაც გაეცნენ. კომპანია პროდუქციის ექსპორტს სომხეთში ახორციელებს. სამომავლოდ ახალი ბაზრების ათვისება იგეგმება.
2017 წლის ტებერვალში კომპანია დამატებით 7 ახალი საწარმოო ხაზის გახსნას გეგმავს,სადაც 30 მოქალაქე დასაქმდება.
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აჭარაში დაახლოებით 14 საწარმო ფუნქციონირებს.